საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ კასპის ფილიალში ყველა კატეგორიის გადიდებული პენსიის მიმღებთა საპენსიო საქმეების შესწავლით გამოვლინდა, რომ კასპის ფილიალში დარღვეულია პენსიის დანიშვნა-ცვლილებებზე შემოსული განცხადებებისა და საჭირო დოკუმენტების რეგისტრაციის ჟურნალის წარმოების წესი და ფილიალის მიერ პენსიის დანიშვნა-ცვლილებები განხორციელდა არასრულყოფილი დოკუმენტებით. საკითხის საბოლოო შესწავლამდე პენსიონერებს შეუჩერდა პენსიის ჩარიცხვა. ფონდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კასპის ფილიალის მუშაობაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ მასალები გადაეგზავნა გორის რაიონულ პროკურატურას. აღნიშნულის შესახებ ეცნობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.
კასპის ფილიალში აღმოჩენილი დარღვევების გამო, ფონდის 2007 წლის 11 მაისის ბრძანების საფუძველზე, კასპის ფილიალის უფროსი მ. ლაშქარაშვილი, უფროსის მოადგილე გ. მუსელიანი, მთავარი ბუღალტერი მ. მაზმიშვილი და მთავარი სპეციალისტი მ. გარაყანიძე, 15 მაისიდან გათავისუფლებული არიან დაკავებული თანამდებობიდან. მათ შორის ფილიალის უფროსი, მთავარი სპეციალისტი და წამყვანი სპეციალისტი ვ. ნონიაშვილი, ყოფილი სპეციალისტები კ. ჟივიძე და თ. კიტრიაშვილი შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის გადაწყვეტილებით დაკავებული არიან მიმდინარე წლის 5 ივნისიდან.
|