სიახლე  
       

15.01.07  

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 14 ნოემბრის №301/ო და 21 დეკემბრის №325/ო ბრძანებების თანახმად, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის 25 დეკემბრის №01/149-ო და 26 დეკემბრის №02/193-კ ბრძანებებით, 2007 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროები და ფონდის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტი.

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხებზე დასკვნის გამოტანის უფლებამოსილება 2007 წლის 1 იანვრიდან გადაეცა სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა ჩამონათვალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური საჯაროდ გამოაქვეყნებს 2007 წლის 1 მარტიდან.

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებზე სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“.

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის №01/149-ო ბრძანებიდან გამომდინარე, 2006 წლის დეკემბრის თვეში ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროებში არსებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 1 ოქტომბრის №271/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული სსე ბიუროების მუშაობისთვის საჭირო გაუხარჯავი ფორმები სსე ბიუროების მიერ 2006 წლის 29 დეკემბერს ჩაბარდა ფონდის რაიონულ ფილიალებს, სათანადო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებით. 2007 წლის 20 იანვრანდე აღნიშნული ფორმები განადგურდება ფონდის ადმინისტრაციული მომსახურების დეპარტამენტში.

სსე ბიუროებში ნაწარმოები დოკუმენტები (სამედიცინო საქმეები, სსე ბიუროების სხდომების დავთრები) სათანადო რეესტრით, დალუქული სახით 2006 წლის 29 დეკემბერს სსე ბიუროების ხელმძღვანელებმა გადააბარეს ფონდის რაიონულ ფილიალებს, სადაც აღნიშნული დოკუმენტები დაცული იქნება შემდგომი მითითების მიღებამდე.

ფონდის ბრძანების საფუძველზე სსე ბიუროების ხელმძღვანელებმა ფონდის შესაბამისი ფილიალების უფროსების თანდასწრებით 2006 წლის 29 დეკემბერს გაანადგურეს სსე ბიუროების შტამპები და ბეჭდები, შედგა სათანადო ოქმები.

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის საფუძველზე მოსახლეობისთვის საინტერესო ინფორმაცია 2007 წლის 16 იანვრიდან საგანგებო განცხადებით გამოიკვრება ყოფილი სსე ბიუროების განთავსების ადგილებზე, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შენობებში, ფონდის ფილიალებში და საბანკო დაწესებულებებში.

 
       
   
 
       
       
       
       
       
 
0102 საქართველო, თბილისი
ივ. ჯავახიშვილის ქ.51
ტელ: +995 32 96 02 78
ფაქსი: +995 32 96 02 98
ელ-ფოსტა: info@susif.ge


 
  +99532   
509 509

 

  ცხელი ხაზი