14 დეკემბერს გაიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო ოკრიბელაშვილი. სხდომაზე განხილული იქნა ინფორმაცია ფონდის საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ.
2006 წლის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის კომპონენტის პროგრამის შესახებ ისაუბრა ფონდის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ანალიზისა და ბენეფიციარებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამარ ცინცაბაძემ. მან დამსწრეთ გააცნო აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების მოცულობა და ხარჯვის დინამიკა. წარმოდგენილი იქნა, აგრეთვე, ინფორმაცია სამედიცინო დაზღვევის კომპონენტით მოსარგებლეთა რაოდენობის, პროგრამის მიმდინარეობის, არსებული პრობლემებისა და სამომავლო ამოცანების შესახებ.
ფონდის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ იოსებ ბრეგვაძემ სამეთვალყურეო საბჭოს გააცნო ინფორმაცია ფონდის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი რეორგანიზაციის შესახებ“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 1 დეკემბრის №310/ო ბრძანების შესაბამისად. აღინიშნა, რომ ფონდის მიერ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიგეგმა ოპტიმიზაცია, რომელსაც საფუძვლად დაედო სამეთვალყურეო საბჭოს მიერ იანვარ-თებერვალში ფონდის სტრუქტურულ ერთეულებთან შეხვედრა მათი საქმიანობის შესწავლის მიზნით. მომხსენებელმა ისაუბრა ფონდის ბაზაზე ორი სააგენტოს ჩამოყალიბებებასა და ფონდის სხვა შენობაში გადასვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სამეთვალყურეო საბჭომ მოისმინა ინფორმაცია ფონდის მიმდინარე წლის 9 თვეში გაწეული ხარჯებისა და მოსახლეობის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფის შესახებ.
|